კომპანიის რეგისტრაციასთან დაკავშირებით
რა ვადაში შეიძლება საქართველოში კომპანიის რეგისტრაცია?
კომპანიის რეგისტრაცია შეიძლება ერთი ან ორი დღის ვადაში. ამ ვადაში არ შედის სარეგისტრაციოდ საჭირო დოკუმენტების მომზადების დრო.
შეიძლება თუ არა კომპანიის დამფუძნებელი იმავდროულად იყოს კომპანიის დირექტორი?
ამ მხრივ საქართველოში არ არის არანაირი შეზღუდვა და კომპანიის სრულწლოვანი დამფუძნებელი იმავდროულად შეიძლება იყოს დირექტორიც.
რა თანხის ოდენობით განისაზღვრება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საწესდებო კაპიტალი?
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საწესდებო კაპიტალის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობა არ არის განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით და იგი შეიძლება იყოს ერთი ლარიც კი, რაც ერთ დოლარზე ნაკლებია. ამასთანავე კომპანიის რეგისტრაციისათვის არ აქვს არანაირი მნიშვნელობა წესდებით გათვალისწინებული საწესდებო კაპიტალის შევსების თარიღს.
შეიძლება თუ არა რომ საქართველოში კომპანიის დამუძნებელი იყოს უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირი?
კომპანიის დამფუძნებლები შეიძლება იყვნენ როგორც საქარელოში რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური პირები, ასევე ნებისმიერი სხვა ქვეყნის იურიდიული ან ფიზიკური პირები.
რამდენი დირექტორი შეიძლება ჰყავდეს კომპანიას?
დირექტორთა რაოდენობა არ არის კანონმდებლობით შეზღუდული. თუ დირეტორების რაოდენობა იქნება ერთზე მეტი, მაშინ აუცილებელია კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის განისაზღვროს წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განხორციელების საკითხები.
რა საბუთებია საჭირო საქართველოში სააქციო საზოგადოების ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დასარეგისტრირებლად?
საქართველოში კომპანიის დასარეგისტრირებლად საჭირო საბუთების ჩამონათვალი დამოკიდებულია დამფუძნებლთა და დირექტორთა რაოდენობაზე, მათ ორგნიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე, მათი რეგისტრაციის ქვეყანაზე და სხვა. ამიტომ მათი განსაზღვრა უნდა მოხდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
მეწარმე იურიდიული პირის რა სამართლებრივ ფორმებს იცნობს კანონმდებლობა?
- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება – შპს;
- სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება – სპს;
- კომანდიტური საზოგადოება – კს;
- სააქციო საზოგადოება – სს;
- კოოპერატივი.
რა არსებითი განსხვავებაა აღნიშნულ სამართლებრივ ფორმებს შორის?
ძირითადი განსხვავება გამოწვეულია პარტნიორთა ქონებრივი პასუხისმგებლობის ფარგლებით. კერძოდ, სააქციო საზოგადოების აქციონერთა, კოოპერატივის მეპაიეთა და შპს-ის დამფუძნებელი პარტნიორები თავისი პირადი ქონებით პასუხს არ აგებენ კომპანიის საქმიანობაზე, ხოლო სპს-ის დამფუძნებელი პარტნიორები პასუხს აგენენ მთელი ქონებით, კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა ნაწილი -კომანდიტები კომპანიის ვალდებულებებისთვის პასუხს არ აგებენ, ხოლო კომპლემენტარები კი პირიქით, სრულად აგებენ პასუხს კომპანიის ვალდებულებებზე
უძრავ ქონებასთან დაკავშირებით
როგორ შევიძინოთ უძრავი ქონება საქართველოში?
უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობისთვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამისათვის კი აუცილებელია საჯარო რეესტრში წარადგინოთ:
- განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება საბუთების მიმღები ოპერატორის მიერ);
- თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სათანადო წესით შედგენილი გარიგება;
კონკრეტულ შემთხვევებში შესაძლოა დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საკუთრების რეგისტრაციისთვის.
შეუძლია თუ არა საქართველოში უძრავი ქონება იყიდოს უცხოელმა ფიზიკურმა პირმა ან უცხოურმა იურიდიულმა პირმა და რა დოკუმენტებია ამისთვის საჭირო?
კომერციული ან საცხოვრებელი დანიშნულების უძრავი ქონების შეძენა თავისუფლად შეუძლია როგორც უცხოელ ფიზიკურ, ასევე უცხოურ იურიდიულ პირს. დოკუმენტების ჩამონათვალი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებულია და ისინი უნდა მომზადდეს ინდივიდუალურად.